“ბოლო თვე-ნახევარში ინფიცირებულებში სამედიცინო პერსონალის წილი 10-12%-დან 4,6%-მდე შემცირდა” – ამირან გამყრელიძე

“ბოლო თვე-ნახევრის განავლობაში ჩვენ აბსოლუტურ რიცხვში სამედიცინო პერსონალის ინფიცირება გაგვეზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევების შემცირება შესაძლოა, იმ ტრენინგების შედეგია, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებასთან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება.

„მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი მერყეობს ათიდან ოცი პროცენტის ფარგლებში. სექტემბრის პირველ რიცხვებამდე ჩვენთან ეს მაჩვენებელი იყო ათი-თორმეტი პროცენტის ფარგლებში. ჯამში, დაინფიცირებული იყო 140-მდე სამედიცინო პერსონალი, აქ მოიაზრებიან როგორც ექიმები, ექთნები, ისე უმცროსი სამედიცინო პერსონალი. მართალია, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ აბსოლუტურ რიცხვში სამედიცინო პერსონალის ინფიცირება გაგვეზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული, ანუ, საერთო ინფიცირებულებში დღეს გვაქვს 4.6 პროცენტი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების.

ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ტრენინგებმა, რასაც ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებასთან დაკავშირებით ზაფხულში ინტენსიურად ვატარებდით და დღესაც გრძელდება, შესაძლოა, გარკვეული შედეგი გამოიღო. ხაზს ვუსვამ, აბსოლუტურ რიცხვში მაჩვენებელი გაზრდილია, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულებთან შემცირებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები