მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. საუბარია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებზე. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.

ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერაძის თქმით, სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობაზე შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის განცხადებით, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხიც განიხილება.

„რა თქმა უნდა, შუამდგომლობა გვაქვს ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ. განიხილება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი, კერძოდ, გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის შესახებ. ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია. მიგვაჩნია, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ეს პატიმრობა არ ემსახურება იმ მიზნებს, რისთვისაც ზოგადად გამოიყენება ამ ტიპის აღკვეთის ღონისძიება, კერძოდ, მტკიცებულებების განადგურების აღკვეთას, მიმალვის საფრთხის აღკვეთას და ა.შ. ვნახეთ, რომ მათი პატიმრობა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ციხის საკნებში შეექმნათ ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარეს არ ჰქონდა არც იმ მომენტში და არც დღეს. მიგვაჩნია, რომ მათი პატიმრობაში დატოვება არის უკანონო და ის უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერაძემ.

მსგავსი თემები