გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

ადვოკატების განცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის, რომელ მოწმეებს მიიყვანს ბრალდების მხარე. ერთ-ერთი ბრალდებულის, ლ.შ.- ს ადვოკატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამტყუნდება იმ მუხლით, რაც მას წარდგენილი აქვს. ადვოკატის თქმით, ლ.შ. სასამართლო სხდომას დაესწრება და თავადაც დაუსვამს შეკითხვებს პროცესზე წარდგენილ მოწმეებს.

„ვფიქრობ, უკვე უნდა დაიკითხონ ის მთავარი მოწმეები, რომლებიც ფაქტის შემსწრენი არიან, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალთან. ესენი არიან: ქათამაძე, ამირხანაშვილი, გაბეჩავა, ახვლედიანი. ვერ გეტყვით, დღეს ზუსტად რომელი მოწმე დაიკითხება, ვფიქრობ, უკვე საინტერესო იქნება ყველა მოწმის დაკითხვა. რა თქმა უნდა, გვექნება კითხვები. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას მივიღებთ. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლებრივად გამართულ პასუხებს ვერ მივიღებ, რადგანაც არაერთხელ იქნა ჩემს მიერ ჩამოთვლილი მოწმეების მხრიდან ჩვენებები შეცვლილი. ბრალდების მხარე იმეორებს და ამბობს, რომ ეს არის ჩვენებების დაზუსტება, მაგრამ დაცვის მხარე არ ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს ნიშნავს ჩვენებების შეცვლას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არ იქნება უტყუარი ჩვენება, არ იქნება დამაჯერებელი ჩვენება და საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს აღნიშნულს და ბუნებრივია, ვერ დადასტურდება ბრალად შერაცხული ქმედება.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაესწრება სასამართლო სხდომას, რადგან მას სურვილი აქვს, ყველა მოწმის დაკითხვაში უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა და გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომ თვითონაც დასვას კითხვა. ბუნებრივია, ეს აუცილებელი პროცესია და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას“,- განცხადა ლ.შ-ს ადვოკატმა, ზაქარია გვიშიანმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია სულ 17 პირი, აქედან ექვსი არასრულწლოვანია. არასრულწლოვან ბრალდებულებს გამოძიება ედავება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ექვსი პირიდან ორს კიდევ დამატებით წარდგენილი აქვს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდება. იმის გამო, რომ საქმე ეხება არასრულწლოვან ბრალდებულებს, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები