მინისტრი ექიმებს მიმართავს, კონფერენციები „ონლაინ“ გამართონ და თავყრილობებს თავი აარიდონ

ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო პერსონალს მიმართავს და ურჩევს მასობრივი თავყრილობებისგან თავი შეიკავონ. როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, სწორედ ექიმები არიან ის ადამიანები, ვინც მოსახლეობას წესების დაცვის საუკეთესო მაგალითი უნდა აჩვენონ.

„მოგესალმებით, ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს!

ამ სახის კონფერენციები, ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი, ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.

ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს. ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს, პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში. წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“, – აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები