გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაგეგმილია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანის საქმის განხილვა.

წინასწარი ინფორმაციით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც სასამართლოს წინა სხდომაზე უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა. ზ.ხ. თავად უთხრა მის პირველ ადვოკატს რომ არ მიეღო სასამართლო განხილვებში მონაწილეობა, რადგან თავად ბრალდებული უნდობლობას უცხადებდა გამოძიების პროცესს.

წინასწარი ინფორმაციით, სასამართლოს სხდომაზე გამოიკითხებიან საქმის გამომძიებლები და ასევე ის პირები, რომლებიც 18 ივნისის ღამეს მცხეთაში წვეულებაზე იმყოფებოდნენ. მათ შორის შესაძლოა, გამოიკითხოს კონსტანტინე ღიბრაძე, რომელიც წინა სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით იყო გამოძახებული, თუმცა სხდომა გადაიდო.

ღიბრაძის განცხადებით, მცხეთის ტერიტორია მან მას შემდეგ დატოვა, რაც ავტომაგისტრალზე, სადაც ის გიორგი შაქარაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ერთად მიდიოდნენ, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გაჩერდა, სადაც დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები ისხდნენ.

არასრულწლოვან ბრალდებულებს გამოძიება ედავება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ექვსი პირიდან ორს კიდევ დამატებით წარდგენილი აქვს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდება. იმის გამო, რომ საქმე ეხება არასრულწლოვან ბრალდებულებს, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები