სანდრო ბრეგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

  •  

პარტია „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. ამასთან, პოლიციამ მისი ავტომობილი და საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკა.

სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ პოლიციას მის მიმართ მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სანდრო ბრეგაძე აღნიშნულ მუქარას დავით გარეჯის თემაზე მის აქტივობას უკავშირებს.

„დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე პიროვნება ღამის საათებში მიკავშირდებოდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ჩემი ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს და იმუქრებოდა ჩემი განადგურებით. ამავე დროს, მომდიოდა ინფორმაცია სხვა მხრიდან, რომ მოითხოვდნენ, დავით გარეჯის საკითხზე ხმა არ ამომეღო. როდესაც ამ პიროვნებებმა შესაბამის მიზანს ვერ მიაღწიეს – ელოდებოდნენ, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას მივაყენებდი, დაწერეს პოლიციაში, თითქოს მათ ეშინიათ ჩემი და მე მათ წინააღმდეგ შესაძლოა, განვახორციელო რამე ქმედება. პოლიციას არაერთხელ მიმართეს და დაიწყო მოკვლევა“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ გამოკითხვის შემდეგ.

ბრეგაძე აცხადებს, რომ პირებს, რომელთაც მის წინააღმდეგ პოლიციას მიმართეს, აქვთ ჩანაწერი, რომელშიც მისი მისამართით მუქარას უცენზურო სიტყვებით პასუხობს. ამასთან, ბრეგაძემ ჟურანლისტებს გადასცა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ მას ტელეფონზე უკავშირდებიან და ასევე, უცენზურო სიტყვებით ემუქრებიან.

ამასთან, ბრეგაძის თქმით, მისგან პოლიციამ ამოიღო იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია და ტარების უფლებაც აქვს.

„ამოიღეს ეს იარაღი, რათა თითქოსდა, არ მივაყენო რაიმე ზიანი იმ პროვოკატორებს“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მსგავსი თემები