„ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი“ – გიორგი გახარია

  •  

„ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ის ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას – ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურს დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა უმასპინძლეს.

პრემიერმა დასრულებული და მშენებარე აკადემიური კორპუსები, საცხოვრებელი კამპუსი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, უნივერსიტეტის ტერასა და კაფეტერია, ადმინისტრაციული ოფისები და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერა.

 მთავრობის მეთაურის თქმითვე, განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

„ეს არის ქვეყნისთვის, დღეის მდგომარეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი პროექტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში უკვე საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკურენციას ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა გაუძლონ. ის განათლება, რომელიც აქ უნდა მიიღონ მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ გლობალურად იყვნენ კონკურენტუნარიანები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვანაირად ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება იქნება ძალზედ პრობლემური. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“ – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი თემები