გელათის კომპლექსის რეაბილიტაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება სამუშაოების შემსრულებელს მოუწევს

  •  

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში დაშვებულ შეცდომებს სამუშაოების  შემსრულებელი –  „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ გამოასწორებს.

შეგახსენებთ, რომ სამონასტრო კომპლექსში ხარვეზები 2020 წლის მარტში თვეში დაფიქსირდა. საუბარია კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვაზე. 

„გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფექტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლების გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ დაიხარჯება. მიმდინარე პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კვლავაც სარესტავრაციო პირობების განუხრელ დაცვაზე იქნება ორიენტირებული, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის მონასტრის სათანადო დაცულობის გრძელვადიანი უზრუნველყოფის პრინციპითაა ნაკარნახევი“ – ვკითხულობთ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ინფორმაციისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას, სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით ახორციელებს. სახელმწიფოსთან ერთად, საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდა აშშ-ს საელჩო  და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

მსგავსი თემები