ქურდობის ფაქტზე დაჭერილი მამაკაცის მოკვლისთვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

ფოთში, დანაშაულის ჩადენის დროს, პოლიციის მიერ, დაკავების მცდელობისას მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ტყვია თავის არეში მოხვდა. კლინიკის ექიმის თქმით, მიყენებული დაზიანება სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პროკურატურამ ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა.

აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი თემები