ჟენევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ

დღეს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღებაა დაგეგმილი.ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობით პროცესზე.

საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და ის ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას.

COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა.

მსგავსი თემები