“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამშობლოში დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში, უცხოეთიდან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანა, ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულებაა.

„ამაში არ არის ახლა რაღაც გმირობის ტოლფასი საქციელი, ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება, დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი. ჩვენ რაც შევძელით, ის გავაკეთეთ. ვცდილობდით, მაქსიმალურად მივსულიყავით თითოეულ კონკრეტულ შემთხვევამდე, რასაც, რა თქმა უნდა, აკეთებდა პირველ როგში საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან მე ნანახი მაქვს ჩანაწერები, რა ხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის საელჩოსთან. უბრალოდ ეს უკიდურესად ემოციური იყო, ეს ყველაფერი მძიმე იყო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც დახმარება სჭირდება.

„არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს. რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ დავაბრუნოთ სამშობლოში. თუმცა ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომისა და არსებობის პირობები შევუქმნათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე. ახალგაზრდებმა უნდა იარონ, ისწავლონ, უნდა ნახონ, ჩამოიტანონ გამოცდილება. თუმცა, ალბათ უკეთესი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდეთ აქ. ამიტომ, ეს ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა. ეს ეპიდემიაც უნდა გადავლახოთ, აქაც უნდა გავიმარჯვოთ და ყველაზე დიდ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ფრონტზე. აქ ერთობლივად უნდა ვიშრომოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები