„ეს კონგრესმა არ ჩათვალა საჭიროდ, ეს რამდენიმე კონგრესმენმა ჩათვალა, სულ ორმა კონგრესმენმა და რა მიზნებით არის გამოწვეული სულ სხვა საქმეა, ირიბად, რომ ვთქვათ შეიძლება ჩარევად ჩავთვალოთ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ქანთარია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედით, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა, დახმარების 15%-ის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს. კერძოდ, ინფორმაციის მიხედვით, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.
ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ კონგრესმენების იდეა კანონად არ იქცევა:
„მავნებელმა ოპოზიციამ უკვე ატეხა ზარ – ზეიმი და იყო სიხარული. ეს იყო იდეა რამდენიმე კონგრესმენის, მაგრამ ოპოზიციის რეაქცია, რაღაც გამარჯვების ტოლფასი იყო.
ეს კონგრესმენები პერიოდულად აგულიანებენ და მაშველ რგოლს გადაუგდებენ ჩვენს ოპოზიციას, ამ იდეამ პროცედურები უნდა გაიაროს და იქცეს კანონად და მგონია რომ საბოლოოდ დარჩება იდეად. ეს კონგრესმა არ ჩათვალა საჭიროდ, ეს რამდენიმე კონგრესმენის მოსაზრება იყო, სულ ორი კონგრესმენის და რა მიზნებით არის გამოწვეული სულ სხვა საქმეა, ირიბად, რომ ვთქვათ შეიძლება ჩარევად ჩავთვალოთ. ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“
“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.