ბაგების საფეხმავლო ხიდი განახლდა – პროექტზე 0,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა 

  •  

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის ბაგებთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალური ამოსასვლელი მოეწყო, გამოიცვალა ასფალტის საფარი, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა, შეიღება მოაჯირები, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ განათების სისტემა განაახლა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბე და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა.

ხიდზე დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
მისი თქმით, ხიდის აშენების შემდეგ, მას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.

“გახსოვთ, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს საფეხმავლო ხიდი, სერიოზული პრობლემა არსებობდა და ავარიულ მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე გვაქვს განახლებული, სრულად რეაბილიტირებული ხიდი, რომელიც საკმაოდ ლამაზიც არის. ასე რომ, იქ მცხოვრები მოქალაქეები და დედაქალაქის მოსახლეობა საფეხმავლო ხიდით ჩვეულებრივად ისარგებლებს”, – აცხადებს კახა კალაძე.

მისი შეფასებით, რაც მთავარია, ის ადამიანები არიან კმაყოფილი, რომლებიც ყოველდღიურად ამ ხიდით ისარგებლებენ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა და ის ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორმა კომპანია შპს „გრუპო პონტემ“ აწარმოა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი გამოიყო, ხოლო ხიდის მოპირკეთების, ახალი განათების სისტემით აღჭურვისა და სხვა კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

მსგავსი თემები