ჰუმანიტარული აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“

პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს უანგარო დონორთა აქციაში – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ და „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკისთვის“ სისხლი გაიღეს.

„ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკიდან“ საქართველოს მასშტაბით 80-მდე საავადმყოფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები მარაგდება.

„დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს და მის თანამშრომლებს, რომლებმაც გაწიეს დონაცია და უანგაროდ გაიღეს სისხლი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძირითადად ტრანსფუზია დამოკიდებული პაციენტები გვყავს, რაც ნიშნავს რომ თითქმის ყველა შემთხვევაში გვჭირდება სისხლი და სისხლის პროდუქტების გადასხმა. სისხლი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და ეს მხოლოდ ფინანსებს არ ეხება – ეს არის ჩვენი სხეულის ნაწილი. აქციის შედეგად შემოსული სისხლი პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ“, – განაცხადა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, მარინა ბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ სისხლის გაცემის ჰუმანიტარულ აქციებს პარლამენტი ყოველწლიურად უერთდება. აქციის ფარგლებში დონორებს სისხლის ჯგუფის, რეზუს კუთვნილების, რეზუს ფენოტიპის, კელ ფაქტორის და ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრაზე გამოკვლევები ჩაუტარდათ.

მსგავსი თემები