რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსი 5 ფეხბურთელს დაუდასტურდა

  •  

 რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსი უკვე ხუთ ფეხბურთელს დაუდასტურდა.

ერთი მათგანი ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე, ქართველების (ზუკა დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია) თანაგუნდელი კონსტანტინ პლიევია. „რუბინის“ მცველის შესახებ ინფორმაცია ყაზანური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამჟამად, 23 წლის ფეხბურთელი კარგად გრძნობს თავს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვლადიკავკაზშია.

განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა მოსკოვის „დინამოშია“ – რუსული პოლიციის გუნდში კორონავირუსი სამ მოთამაშეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა. თუმცა, ინფიცირებული ფეხბურთელების სახელები არ გაამხილა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, კოროვირუსის პანდემიის გამო სეზონი მარტში შეწყდა. 15 მაისს, რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემპიონატის დასრულების შესახებ. ტურნირი 21 ივნისს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებში პირველი კორონავირუსი საბა კვირკველიას თანაგუნდელს, მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და პერუს ნაკრების თავდამსხმელ ჯეფერსონ ფარფანს დაუდასტურდა.

მსგავსი თემები