როგორ დავძლიოთ შიმშილი – გაიცანით სოფლად დაბრუნებული ადამიანები, ვისაც ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და არ იციან “დაპაუზებული დოვლათი” შემოსავლის წყაროდ როგორ აქციონ 

  •  

„მედიაცენტრი მთავარი“ სოფლად დაბრუნებულ იმ ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც რესურსი და შესაძლებლობა გააჩნიათ, წლობით „დაპაუზებული მიწა“ დოვლათად აქციონ, თუმცა, არ იციან, საქმე როგორ „ამოქოქონ“.   

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას სოფლის მეურნეობის განვითარება, მოსახლეობის სოფელში დაბრუნება და დაუმუშავებელი მიწის დოვლათად ქცევა წარმოადგენს.  

ამ მიმართულებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტში საკმაოდ სოლიდური ნაწილი ეთმობა. კერძოდ, ზრუნვა სოფელზე, სოფლის მეურნეობაზე, რეგიონულ განვითარებაზე 30 000 ლარამდე გრანტებს გულისხმობს და სესხების სავარაუდო ჯამური მოცულობა 50 მილიონი ლარია.     

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არსებული შეზღუდვებისა და დაპაუზებული ქალაქების ფონზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი დაბრუნდა რეგიონებში. არიან ადამიანები, რომელთაც ყველანაირი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ წამოიწყონ ან განავითარონ კონკრეტული მიმართულებები, თუმცა, არ აქვთ გამოცდილება და არ იციან როგორ დაიწყონ, რა დაიწყონ და როგორ აქციონ მათ ხელთ არსებული შესაძლებლობა კონკრეტული შემოსავლის წყაროდ, სწორედ ამ მიმარულებით ითხოვენ ისინი დახმარებას.

„მედიაცენტრი მთავარი“ სწორედ ასეთ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ.

კონკრეტული ფოტოები გადაღებულია სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკის მუნიციპალიტეტში. ფოტოზე ხედავთ უზარმაზარ სათბურს, რომელიც ერთ დროს ფუნქციონირებდა, ჰქონდა შუშის გადახურვა, გათბობის სისტემები და გარკვეული შემოსავლის წყაროც იყო, თუმცა, ეს ყველაფერი „მხედრიონის“ პერიოდს ეს შეეწირა.

დღეს, სათბური ისევ არსებობს, სრული ინფრასტრუქტურით, თუმცა გადახურვის გარეშე. ქალაქიდან რაიონში დაბრუნებული ოჯახის მეპატრონე კი მას მხოლოდ საოჯახოდ მოყვანილი მწვანილებისთვის იყენებს. სურვილი აქვს, რომ მის ხელთ არსებული რესურსი გამოიყენოს და საქმე „ამოქოქოს,“ თუმცა, არ იცის როგორ, რა გააკეთოს.

„თბილისიდან დავბრუნდი აქ. დიდი სურვილი მაქვს, ეს შესაძლებლობა, რაც გამაჩნია გამოვიყენო და შემოსავლის წყაროდ ვაქციო, რომ მეც დავსაქმდე, საკუთარი ნატურალური პროდუქცია ვაწარმოო და სხვების დასაქმებაც შევძლო, თუმცა, ამ ყველაფერს ხომ გამოცდილება და გზაზე დაყენება სჭირდება. თუ დაგვეხმარებიან და ხელს შეგვიწყობენ, დიდი სიამოვნებით დავრჩები აქ და ჩავერთვები სოფლი მეურნეობის განვითარებაში“ – გვიყვება დიასახლისი.

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს იმ ადამიანების საზოგადოებისთვის გაცნობას, ვისაც რეალურად გააჩნია შესაძლებლობა და აქვს სურვილი სოფელს დაუბრუნდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. დიახ, სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ სახელმწიფოს ხელშეწყობა, რადგან, მსგავს შემთხვევებში, სახელმწიფო დანახარჯი მინიმალური იქნება. გარდა დასაქმებული ერთი მეწარმისა და რამდენიმე ადგილობრივი მოსახლისა, შეიქმნება სახალხო დოვლათი, რაც დაანონსებულ მსოფლიო შიმშილს დაგვაძლევინებს.    


მსგავსი თემები