ხელისუფლების მიერ დაწესებულ კომუნალურ შეღავათებზე მარტის თვეში უარი 3 534-მა ადამიანმა განაცხადა

აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება მოქალაქეებს სემეკის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია. ამასთან, უწყების ცნობით, მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 534-მა პირმა განაცხადა.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, შეახსენებს, რომ აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ. აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი. მოქალაქეებს შეუძლიათ უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც 11 აპრილამდე უარი უკვე დააფიქსირეს სამივე თვის (მარტი, აპრილი, მაისი) შეღავათებზე. მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა და არსებული მონაცემებით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3 534-მა პირმა განაცხადა”,-აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს. გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა იმ აბონენტს, რომლებიც თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და სარგებლობენ კომუნალური შეღავათებით.

მსგავსი თემები