„რისკი იქნება ის, თუ ზვავის მსგავსად გაიზრდება შემთხვევები, ამას ვერც ერთი სისტემა გაუძლებს“ – პროფესორი

  •  

„თუ აუცილებელი პირობა არ არსებობს, იყავით იზოლირებული, დაიცავით ერთმანეთი და საკუთარი თავი“ – ეს განცხადება თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.  

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, რა რისკებსა და სირთულეებს ხედავთ „კორონავირუსის“ მომატებული რაოდენობის შემთხვევაში, ონკოლოგმა რემა ღვამიჩავამ გვიპასუხა, რომ მთავარი რისკი ინფიცირებულთა ზვავისებრი მატება შეიძლება იყოს.

„რისკებსა და საფრთხეებს მე ვხედავ იმაში, რაზეც ჯანდაცვის სფეროს მესვეურები საუბრობენ. რისკი ერთია, რაც სხვა ქვეყნებმა გაიარა – არ მოხდეს აფეთქება. თუ ზვავის მსგავსად გაიზარდა შემთხვევები, ამას ვერც ერთი სისტემა გაუძლებს და ძალიან მძიმე იქნება. ეს ყველაფერი კი მოხდება საავადმყოფოებში ადგილებისა და სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. ამიტომ, ძალიან დიდი თხოვნაა იზოლირება, სახლში დარჩენა და სახელმწიფომ უფრო მკაცრად უნდა გაატაროს ზომები. თუ  აუცილებელი პირობა  არ არსებობს, იყავით იზოლირებული, დაიცავით ერთმანეთი და საკუთარი თავი“ – განაცხადა რემა ღვამიჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ონკოლოგის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ვითარების გართულების რისკი არ არსებობს.

„ჩვენთან ეს რისკი არ არის, არც ადგილების და არც პერსონალის და ღმერთმა არ ქნას, რამე შეიცვალოს. ქვეყანაში ყველაფერ კეთდება საპრევენციოდ და მედპერსონალის დასაცავად. თითოეულ მედ. პერსონალს ოქროს ფასი აქვს და მათ ყველანაირი ხელშეწყობა გააჩნიათ“ „ – აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები