პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

“გამაფრთხილებელი აქცია შოთაძის მოსმენის პარალელურად ჩატარდება”, – ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერცერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად და აუღელვებლად ვერ ჩაატარებს. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ შოთაძე ჩვეულებრივი მსახურია „ოცნების“ იმ რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და მას უკან აბრუნებენ ერთადერთი რამის გამო – ის არის ერთგული პირადად ივანიშვილის, ის არის ერთგული „ქართული ოცნების“ ლიდერების და ყველა დაკვეთის და დავალების შესრულება შეუძლია. თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ მიდის სწორად ეს პროცესი, უნდა მივიდეთ აქციაზე, მშვიდობიანი პროტესტი ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურად მხარი დაუჭირა.

მსგავსი თემები