“ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა” – ქეთევან ციხელაშვილი

“ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა, არის ადამიანის მძევლად აყვანა. არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ეს საკითხი ყველა საერთაშორისო ასპარეზზე მათთვის ყველაზე მთავარია, რათა ინფორმირებულნი იყვნენ პარტნიორები და რაც მთავარია, ეს ინფორმირებულობა ზეწოლაში გადაიზარდოს.

“80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, რადგან იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა. საუბედუროდ, ამ რეგიონში ძალიან რეგულარული პრაქტიკაა საბჭოთა თარიღების აღნიშვნა, ყელსახვევების ტარება, საბჭოთა ლიდერების პორტრეტების ფონზე სიმღერა – ეს არის ტრაგიკული, რადგან ამაში ჩართულები არიან ახალგაზრდები, ბავშვები და ამას შეფასება არ სჭირდება, ეს არის წარსულისაკენ, რომელიც დაინგრა და უნდა დანგრეულიყო, ფაქტობრივად მიქაჩვის მცდელობა, ნაცვლად იმისა, რომ მომავლისკენ ჰქონდეთ რაიმე პერსპექტივა“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ახალგორის გადასასვლელი, შესაძლოა, დღეს ისევ ჩაიკეტოს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ვადა ამოწურულია. ამ დროისათვის პენსიონერების მიმოსვლა ჯერ კიდევ დაშვებულია. 

მსგავსი თემები