„წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო“ – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობას“  მძიმე დღეები უდგას ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადასული და წამზომიც ჩართულია.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საზოგადოებას აუხსნან, სად წერია, რომ ეუთო/ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობის რეკომენდაციას იძლევა.

„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს.  იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წუთში ცვლიან. პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ კარგი იურისტები არიან და ტექსტს კითხულობენ, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, ერთი წინადადება – სად წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ხომ მარტივი წინადადებაა? – ეს წინადადება გვითხრან. ამაში ჩანს მათი უნიათობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საუბარია, რომ სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, ქვეყანაში რომელი საარჩევნო მოდელი იქნება მიღებული. მათივე რეკომენდაციით, მთავარია, შეთანხმება და გადაწყვეტილება კონსესუსისა და დიალოგის გზით იქნეს მიღწეული.

მსგავსი თემები