“მენატრება სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ერთმანეთი უყვარდათ ადამიანებს” – თანამედროვე თბილისზე 

  •  

​თანამედროვე თბილისური დილის შესახებ, ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღწერს ერთ ჩვეულებრივ თბილისურ დილას და გული წყდება, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობიდან სიყვარული დღითი დღეს იკარგება.

“ამ დილით, ასე, ათ საათზე კორპუსის ეზოში მანქანა შემოვიდა. იქედან მზისგან გარუჯული კაცი გადმოვიდა, საბარგული გააღო, სასწორი მიწაზე დადგა, ხელები პირზე საყვირივით მოიმრგვალა და კორპუსს შეყვირა:

– ახალი ვაშლატამა, კახურიიი, ახალი ხილიიიიი, ერთი ლარიიი!!! ქალებმა თითო-ორი კილო ააწონინეს. მერე მზისგან გარუჯულმა კაცმა დაღრეცილი თითები ისევ პირთან მოიმრგვალა და ისევ კორპუსს შეყვირა:

– ახალი ვაშლატამა, კახურიი, იაფააად!!!

ფანჯრიდან წელს ზევით შიშველი კაცი გადმოდგა, ახალგაზრდა კაცი, პირთან ხელები არ დაუმრგვალებია, ისე დაუყვირა ვაშლატამას გამყიდველს:

– გადი რაა, გადიიიიიი, შენს სოფელში იღრიალე, რა ტვინი წაიღეეეეე!

მზისგან გარუჯულმა კაცმა კორპუსი შეათვალიერა, თითქოს ფანჯრებში ნაცნობს ეძებსო, მერე საბარგული დახურა, კარი მიიჯახუნა და წავიდა…

გული დამწყდა და “პლეხანოვის” ეზო გამახსენდა. ულვაშიანი ჯასოკალიასკას რომ შემოაგორებდა ეზოში დილაუთენია და – “ხლეებ, ხლეებ“, – შემოგვძახებდა, თუმცა “ხლებთან” ერთად ხილფაფის და შაქარმოყრილი ფუნთუშებიც მოჰქონდა.

მერე წყნეთელი ვალიკო თავისი “ვოლგით” მაწონს და რძეს მოიტანდა, მერე მარნეულელი ბაჯი ხურჯინს შუაგულ ეზოში დააგდებდა და გაჰყვიროდა, – “ზეეეელენ, ზეეელენო“.
ზაფხულში “ლუდისტი” კაცების ხორხოცი გვიან ღამემდე არ მთავრდებოდა, მაღლა, იავანზე თუ ძააალიან მაგარი, ქალაქური სიმღერები ისმოდა, ეს თემო კლდიაშვილის და ნანა კეთილაძის ქეიფი იყო და არასოდეს, არავის გაუპროტესტებია ეს ხმები, ეს ბუნებრივი, თბილისური სიცოცხლის ხმები იყო, ახლა ასე რომ გაქრა და ახალმა დროებამ გადაყლაპა.

როგორ მენატრება ის სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ერთმანეთი უყვარდათ ადამიანებს!!!
პ.ს. ეეჰ, ახლა მაინც იმ კახელ გლეხზე ვდარდობ…” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე.

მსგავსი თემები