“დეკანოზს არ შეიწყალებენ” – გიორგი მამალაძის ადვოკატი

  •  

„ციანიდის საქმეს“ თუ გადავავლებთ თვალს, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობიდან დაწყებული დღემდე, მიმაჩნია, რომ დეკანოზის შეწყალება არ მოხდება. ეს შეიძლება გარკვეული პირების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს”, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, თუ დეკანოზს შეიწყალებენ, ეს ნამდვილად დამოუკიდებელი პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს, ქართულ მართლმსაჯულებაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილის ფურცელი იქნება.

„ჩვენმა მხარემ გააკეთა მაქსიმალური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არ არსებობს, გარდაცვლილია და ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აისახება, ჩვენ დეტალურად აღვწერეთ ყველა ის უკანონობა, რაც ამ საქმეშია. მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ის გადაწყვეტილება, რასაც ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიიღებენ, ჩვენს მართლმსაჯულებაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილის ფურცელი იქნება. ისეთივე შავი ლაქა, როგორც სანდრო გირგვლიანისა და სხვა საქმეების გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, თუ პრეზიდენტი არ შეიწყალებს დეკანოზს, ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოს მიერ  როგორ იქნება აღქმული, მიხეილ რამიშვილი პასუხობს:

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საპატრიარქოში მყოფი გარკვეული პირების ინტერესია, დეკანოზი არ იყოს თავისუფლებაში, პრეზიდენტის მიერ მისი არ შეწყალება, მათ ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოვა. მათი სურვილი და პოზიცია უფრო მყარი იქნება. ასე რომ, დეკანოზის არ შეწყალება ეკლესიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი არ იქნება. თვით საპატრიარქოში, წმინდა სინოდის წევრებიც კი არ იყვნენ დაინტერესებული მათ მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რა პოზიცია ექნებოდა პრეზიდენტს. ასე რომ, ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ამას ვერ ჩავთვლით. არ შეიძლება ამაზე დაიწყოს სპეკულაცია, რომ პრეზიდენტი ეკლესიას პატივს არ სცემს. არა, პირიქით, თუ დეკანოზს არ შეიწყალებს პრეზიდენტი, ეს იქნება საპატრიარქოში მყოფი ზოგიერთი პრის პატივისცემა“ ,- განაცხადა მიხელ რამიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.

მსგავსი თემები