მაისში საქართველო ევროსაბჭოს მინისტერიალს უმასპინძლებს. ღონისძიებაში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროსაბჭოს წევრია რუსეთიც. ჩამოვა თუ არა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ჯერ უცნობია.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, მინისტრის ვიზიტის შესახებ ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა შეგვპირდა რომ მინისტრის გრაფიკს დააზუსტებს.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებაში არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში სერგეი ლავროვი ჩამოვა თუ არა.
„საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება,“- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.