თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება და ორ ეტაპად წარიმართება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება.

როგორც “მთავარს” თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება; პირველ ეტაპზე, 18 ივნისის 12:00 საათიდან რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები,

ასევე, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი ან შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.

პირველ ეტაპზე რეგისტრაცია შეეხებათ 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებსაც.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს არ მიეკუთვნება.

“წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 15 ათასამდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი”, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, შემოდგომით თბილისს 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება,  ხოლო ორ ბაგა-ბაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი ექნება.

მსგავსი თემები