თბილისში ბეჰემოთ ბეგის ძეგლი დაიდგმება 

​თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული, დედაქალაქის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთის, ბეგლარის   ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. ბეჰემოთის ძეგლის ავტორია ფერმწერი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე იქნება.

​როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია აცხადებს, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოთზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ხელოვანების, მოხალისეების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და ამიტომ, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, დაჯილდოვდებიან თბილისზე მზრუნველი მოხალისეები.

​იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც 13 ივნისის სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიის ორგანიზებით გუშინ, „მზიურის“ პარკში ღონისძიება – „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ გაიმართა, რომლის ფარგლებში სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა და ვიდეოჩვენება მოეწყო. გამოფენა ასახავდა, როგორც სტიქიის დღეს და მის შედეგებს, ასევე, მოხალისეების ჩართულობას ქალაქის გაწმენდის სამუშაოებში. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. მან შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სტიქიის შედეგებზე ისაუბრა.

„ სამი წლის წინ, მათთან ერთად მდგომი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ დედაქალაქზე პასუხისმგებელი ადამიანი ვიქნებოდი. დღესაც ახალგაზრდების გვერდით ვდგავარ. დარწუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ, როგორც რიგითი ადამიანები, მოხალისეები, მაშველები, ადამიანები, ვისაც ქალაქი უყვართ და აქვთ სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, – აღნიშნა კახა კალძემ.

 

მსგავსი თემები