დავით საგანელიძემ თბილისს რაჭიდან ჩამოტანილი უნიკალური ფიჭვის ნერგები აჩუქა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭიდან ჩამოტანილი, საკუთარი ეზოს, 4000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი  გამწვანების მიზნით, თბილისს ტრადიციულად წელსაც აჩუქა. ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფიჭვის ნერგები ამჯერად თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა ოჯახის წევრებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის თანამშრომლებმა,  „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

„ეს ტრადიცია უკვე მეხუთე წელს ითვლის. რაჭიდან ჩემი ეზოდან გადმოგვაქვს ნერგები, ოჯახთან და ფონდის თანამშრომლებთან ერთად ყოველწლიურად ვრგავთ თბილისში სხვადასხვა ტერიტორიებზე. ამით ვცდილობთ, მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ქალაქში მწვანე საფარის დაცვა და გაფართოება, რათა ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ. მადლობა მინდა გადავუხადო „ჰუალინგ ჯგუფს“ დღევანდელ აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, დავით საგანელიძემ 3000–ზე მეტი ფიჭვის ნერგი გასულ წელს ლისის  ტბის  მახლობლად, „ფრანგული კინო-სკოლის“ ფილიალის ტერიტორიასა და თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა. ხეების დარგვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

მსგავსი თემები