“ვანო ზარდიაშვილის გაშვების საკითხი რამდენჯერმე ითქვა. მე პირადად მითხრა ივანიშვილმა ამის თაობაზე, როდესაც პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან” , – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბესელია მიიჩნევს, რომ ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
„ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ კლანის, რომელიც მას კბილებით იცავდა. მას მფარველობდა კლანი, მფარველობდა ჩინჩალაძე. თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტმა ამ ადამიანის ყოფნით, იმდენჯერ აფეთქდა და ბოლოს ისე აფეთქდა ამ ნაღმზე, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. არ ვიცი, ვიღაცას ეყო ჭკუა და აქ, ამ ნაწილში წერტილი დასვა. რა თქმა უნდა, ეს წერტილი ივანიშვილმა დასვა. ის მიიღებდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას. ზარდიაშვილი არსად წამსვლელი რომ არ იყო, ეტყობოდა მის ქცევებს იმ ინციდენტის შემდეგ. რა ეთერებიც ჰქონდა, ეგ იყო ადამიანის სიმდაბლის ბოლო ფაზა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.