სიმთვრალის მსგავსად, გამონაბოლქვზე შემოწმება სპეციალური აპარატით, ქუჩებში მოხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ეხება. პროექის მიხედვით, ქალაქის მასშტაბით პატრულირება განხორციელდება, რომელიც ავტომანქანებს გააჩერებს, გამონაბოლქვს სპეციალური აპარატით შეამოწმებენ და ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში, სანქციებსაც დააკისრებენ.

როგორც  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპისთვის სპეციალური აპარატურის შესყიდვა მიმდინარეობს.

„მზადდება საკმაოდ საჭირო და მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის ზედამხედველობისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდება. საუბარია მემორანდუმზე, რომელიც სატესტო რეჟიმში, პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით განხორციელდება.  საპატრულო პოლიციისა და გარემოს დაცვის ზედამხედველობის თანამშრომლის ერთობლივი ეკიპაჟი თბილისის ქუჩებში იმოძრავებს. როცა ვიზუალურად შესამჩნევია ავტომანქანის გამონაბოლქვი, მოხდება მისი გაჩერება და ადგილზე შემოწმება და რა შედეგიც გამოჩნდება, რეაგირებაც შესაბამისი იქნება“ – განუცხადა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.    

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, სათანადო აღჭურვილობის შესყიდვების სათანადო პროცედურები მიმდინარეობს.  ეს არის დიზელის გამჭვირვალობისა და ბენზინის აირ-ანალიზატორის გამზომი ხელსაწყო. პროექტის მოქმედება კი მიმდინარე წლიდან დაიწყება.

მსგავსი თემები