მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროეტი, სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება.

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო” ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სამი თვის ვადაში, ეტაპობრივად, შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება.

მსგავსი თემები