სკოლის დაწყებასთან ერთად, ბავშვებში, შესაძლოა, ნაწლავურმა ინფექციებმა მოიმატოს – რეკომენდაციები სკოლებს

  •  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება შვილების ჰიგიენას.

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ბავშვებში, შესაძლებელია, ისევ იჩინოს ნაწლავურმა ინფექციებმა თავი. მისი თქმით, ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. უწყების წარმომადგენელი მასწავლებლებსაც მოუწოდებს, კიდევ ერთხელ შეახსენონ მოსწავლეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა.

“ჯერ კიდევ ცხელა, ამიტომ შესაძლებელია, ბავშვებში, ისევ იჩინოს თავი ნაწლავურმა ინფექციებმა. რეკომენდაციაა ხელების ხშირი დაბანა. სკოლებში აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი პირობები, იმისთვის, რომ ბავშვს შეეძლოს ხელების დაბანა. კარგი იქნება თუ, მასწავლებლებიც ბავშვებს, კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა,”- განუცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

პაატა იმნაძეს ინფორმაციით, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სკოლებში, ბავშვის აცრების ისტორიის წარდგენა სავალდებულოა. მისი თქმით, მშობლებს, ბავშვების აცრის ისტორიის ნახვა, ელექტრონულ მისამართზე – პროფილაქტიკური აცრების ერონული კალენდრის მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ.

“სასწავლო წელის დაწყებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ასაკობრივად ჰქონდეს გაკეთებული ყველა აცრა. როცა ახალი ჯგუფი იკრიბება, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ რაიმე ინფექცია, რომელიმე ბავშვმა მოიტანოს და სწრაფად გავრცელდეს. ამიტომაც, ჩვენი მოწოდება იქნება, ყველა მშობელმა, შეამოწმოს, აქვთ თუ არა ბავშვებს სავალდებულო აცრა ჩატარებული. აუცილებელია სკოლებში აცრების ფურცლის წარდგენა. არის ელექტრონული მოდული, სადაც ყველა აცრა რეგისტრირდება. სადაც არ უნდა იყოს ბავშვი, მისი პირადი ნომრით შედის მონაცემები. მშობელს შეუძლია, პირდაპირ შევიდეს ელექტრონულ სისტემაში და ამოიღოს აცრები,”- განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები