“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები ტელეკომპანიის პოტენიურ მყიდველებს აფრთხილებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის პოტენციური მყიდველებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებენ.

“ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა. ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევასა და ჩვენთვის სამართლებრივი ბრძოლის გართულებას. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა „რუსთავი 2″-ის ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის.

გვინდა გავაფრთხილოთ „კონკურსში“ მონაწილეობის პოტენციური მსურველები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები. ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რომელმაც 2015 წელს დაზარალებულად გვცნო. გამოძიება კვლავ გრძელდება.

როგორც ვერ უშველა გადაყიდვების გზით სამართლებრივი კვალის აბნევის მცდელობამ წინა ხელისუფლებას, ასევე განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2″-ის ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა.

ქვეყნისთვის ტრაგიკულია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების არსებობისთვის.

„რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეასრულოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიასაშუალების ფუნქცია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყიდის.

მსგავსი თემები