“ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება”, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრა, სადაც სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი უნდა განიხილონ.
თალაკვაძის თქმით, დე ფაქტო ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები არანაირ ლეგიტიმურ საფუძველს არ ატარებს. შესაბამისად, მისი შეფასებით, ის გადაწყვეტილებები, რაც ასეთი მოლაპარაკებების დროს იქნება მიღებული, არალეგიტიმურია და ბუნებრივია, ეს რუსეთის მხრიდან საერთო ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილია.
“ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ და პასუხისმგებლიან საგარეო პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული განვითარებით. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. აუცილებლად შევქმნით მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ეს ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.