ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა დღეიდან 118 აფთიაქში იქნება შესაძლებელი. პროგრამა თბილისის საკრებულოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება განიხილებოდეს სიღარიბესთან ბრძოლისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან, ბოლო კვლევების თანახმად, მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიდის მედიკამენტების შეძენაში.
„ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომობა წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას მისი გამკლავება. დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად – 1 ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, პროგრამა მოიცავს ყველაზე უფრო გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებები.
„უკვე 2 წელია მოქმედებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლითაც 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ ამ პროგრამით. აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამა ამოქმედებულია საქართველოს მასშტაბით და აღნიშნული მედიკამენტების შეძენა 118 აფთიაქში არის შესაძლებელი.