„ქვეყნები სულელები არიან, საარჩევნო ბარიერი რომ შემოიღეს?!“ – კითხულობს კონსტიტუციონალისტი

  •  

„ საპარლამენტო არასტაბილური უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში, არასტაბილურია მთავრობაც,“ – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „მედიაცენტრ მთავარში“ და უბარიერო პროპორციული არჩევნების ნეგატივზე საუბრობს.

„საარჩევნო ზღურბლი, თითქმის ყველა ქვეყანაში 3-დან 5%-მდეა. საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ – ეს ქვეყნები სულელები არიან? საზოგადოების ინტერესებს და ქვეყნის ინტერესებს არ ითვალისწინებენ ზღურბლი რომ შემოიღეს? თან რომელი ქვეყნებია ეს? ეს არის ევროპის ყველა ქვეყანა, სადაც პროპორციული არჩევნები იმართება, გარდა ჰოლანდიისა“ – აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მისი შეფასებით, არსებობს ობიექტური არგუმენტები, რის გამოც, საარჩევნო ბარიერის არსებობა საჭირო და აუცილებელია.

„პროპორციული არჩევნებისას, ძალიან მაღალი ალბათობით, ერთი პარტია ვერ ქმნის უმრავლესობას. ესეიგი, აუცილებელი ხდება კოალიციური უმრავლესობის შექმნა. კუალიციური უმრავლესობა, უმეტეს შემთხვევაში, არის 2 ან 3 სუბიექტიანი. რაც უფრო ჭრელი იქნება პარლამენტი, მით უფრო ნაკლები იქნება ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. ანუ, ის სუბიექტებიც კი რომლებიც მიიღებენ ხმების მაღალ პროცენტს, მათაც კი გაუჭირდებათ უმრავლესობის შექმნა, რადგან ბევრ სუბიექტთან დასჭირდებათ მოლაპარაკება“ – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ბარიერის მოხსნა გამოიწვევს იმას, რომ პარლამენტში ერთ ან ორ სუბიექტიანი პარტიებიც მოხვდებიან და საკანონმდებლო ორგანო საკმაოდ აჭრელდება.

„როცა საარჩევნო ზღურბლი არ გვაქვს, მაღალია ალბათობა, რომ პარლამენტში აღმოჩნდეს 20-ზე მეტი პარტიის წარმომადგენელი. ზოგი პარტია ერთი მანდატით იქნება და ერთი წევრი ეყოლება, ზოგს შეიძლება ჰყავდეს 2 წევრი და იქნება სულ რამდენიმე პარტია, რომლესაც ექნება ვთქვათ მანდატები, ფრაქციის შექმნისთვის საკმარისი. 1-2 პარტია იქნება რომელსაც ექნება 3-4 ათეულზე მეტი მანდატი. მათ დასჭირდებათ უმრავლესობის შექმნა. ვთქვათ და უმრავლესობის შექმნა მოხდა, ეს უმრავლესობა იქნება ძალიან არასტაბილური, რადგან საკმარისია, რომელიმე სუბიექტს რაღაც არ მოეწონოს და თქვას, რომ მე ვტოვებ უმრავლესობას, ამ ერთის გასვლითაც კი უმრავლესობა დაიშლება. ეს კი იწვევს ახალი უმრავლესობის შექმნის მცდელობას. საპარლამენტო არასტაბილური უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში, არასტაბილურია მთავრობაც“ – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები