„პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი“ – მინისტრის მოადგილე

  •  

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის,  ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი, ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით, შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, რის შემდეგაც პოლიცია იძულებული გახდა, კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა ქმედებებზე გადასული.

„მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი, ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით, შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღების და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების – ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად, ჯგუფურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, ახდენდნენ პოლიციელთა განიარაღებას და ართმევდნენ მათ შესაბამის აღჭურვილობას. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა“  – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები: „პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიების და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები – ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. ამასთან, აღნიშნული საშუალებების გამოყენება განხორციელდა თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად. სამართალდამცველებმა, ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები – არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი“.

მსგავსი თემები