ნარკოტიკების შედეგი – მოთხოვნილება იმდენად დიდია, 2 ახალი ფსიქიატრიული კლინიკა შენდება

ფსიქიატრიული პროფილის პაციენტებისთვის, საქართველოში სულ 1300-მდე ადგილია, თუმცა, მოთხოვნა მზარდია და კიდევ 2 ახალი ფსიქიატრიული კლინიკა შენდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განუცხადა, ეს არის ის დამანგრეველი შედეგი, რომელსაც იძლევა ნარკოტიკების ერთჯერადად მოხმარებაც კი.

„დაგეგმილია, ფართო პროფილური ორი ცენტრის ამუშავება თელავსა და სენაკში. ეს, გეოგრაფიული მდებარეობით, უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგანაც, კახეთის რეგიონში, სტაციონალური ცენტრი პრაქტიკულად არ არსებობს. იგივე სიტუაციაა სენაკშიც. ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის შესაბამისი სერვისების მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ორივე ცენტრი ფართო პროფილური იქნება“, – განუცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

როგორც კილაძე ამბობს, მოთხოვნილება არსებობს და მზარდია. „შესაბამისი მოთხოვნილება არსებობს. მსოფლიოში, ეს მზარდი პროცესია, ფსიქიატრიული დაავადებების ტემპი იმატებს. საქართველო კი ამ პროცესებისგან იზოლირებული ვერ იქნება. მსოფლიოს მასშტაბით, 3-დან 6%-მდე სჭირდება ფსიქიატრიული სერვისის მიწოდებას აქტიურ ფაზაში. ეს არის ძალიან დიდი პირამიდის მწვერვალი“ – განაცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება მოთხოვნის ზრდას, ის პირდაპირ კავშირშია შავ ბაზარზე გამოჩენილ ახალ-ახალ ნარკოტიკულ პრეპარატებთან, რომელიც ფსიქიატრიულ პრობლემებს იწვევს.

„ასეთი ნარკოტიკური პრეპარატების გავრცელება ხდება მთელს მსოფლიოში სხვდასხვა გზით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მათთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია. შესაბამისად, მოთხოვნა ფსიქიკურ და ნარკოლოგიურ სერვისებზე მაღალია. . საინტერესო დინამიკაა მომართვების კუთხით .ესეც უკავშირდება ახალი ნივთიერების გამოჩენას და მათი მოხმარებით გამოწვეულ დამანგრეველ ეფექტებს’ – განუცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, ნარკოტიკების ერთჯერდი მიღებაც კი შეიძლება კატასტროფული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ისე სიცოცხლისათვის.

„ახალი ფსიქიატრიული კლინიკები არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სტაციონალური ცენტრები. აქ იქნება ფსიქიატრიული ცენტრები, ამბულატორიული სერვისები. ის, რომ დღეს ადგილები არ გვაქვს, არ შეესაბამება სინამდვილეს. მთლიანად, საქართველოში რეგისტრირებული დაახლოებით არის 1300-მდე ადგილი. მათი ძირითადი ნაწილი ქრონიკულ პაციენტებს უჭირავთ, რომლებიც მიზეზთა გამო იმყოფებიან ამ ინსტიტუციებში“ – განუცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული კლინიკა, ჩინურ მხარესთან პარტნიორობით შენდება. მათი საქართველოში სტუმრობა უახლოეს დღეებში იგეგმება.

მსგავსი თემები