„144-დან 10 ან 20, შესაძლოა, უკვე შერჩეული ჰყავთ, თუმცა, მოსამართლეობის 50-ვე კანდიდატს წინასწარ ვერ შეარჩევენ“

„საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა იყო, სასამართლო სისტემის გასუფთავება და გაჯანსაღება. შესაბამისად, პროცესი სწორედ აქეთ უნდა წავიდეს“ – აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. რაც შეეხება კითხვას, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში არიან მოქმედი მოსამართლეები, სასამართლოს თავმჯდომარე, მოქმედი გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე და ასე შემდეგ, რამდენად ხედავთ საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ნიკოლეიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „თავიდან, არავინ იცოდა, ვინ შეიტანდა განაცხადს იუსტიციის საბჭოში. 144 მსურველი იქნებოდა, 200 თუ 25. დღეს კი სიაში ის ადამიანები აღმოჩდნენ, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, დანარჩენები კი მათთან მიმართებაში არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. არათანაბრობა გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ისინი წლებია ერთად მუშაობენ, იუსტიციის საბჭოს ვგულისხმობ, კარგი ურთიერთობა აქვთ, ახლობლები არიან, მაგრამ, მეორე მხრივ, არის საზოგადოების შეკვეთა და მოთხოვნა, რომ სასამართლო სისტემა შეიცვალოს. ძველი კადრებით, სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია. ვერ დააჯერებენ საზოგადოებას, რომ ცვლილებები ხდება ან მოხდება“ – ახდება გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მას იმედი აქვს, რომ იუსტიციის საბჭო კიდევ უფრო ღრმად არ შევა ჩიხში და პროცესებს საზოგადოების მოთხოვნის მიმართულებით წაიყვანს.

„ხარვეზია ისიც, რომ ქ44-დან 50-ს იუსტიციის საბჭო ისე არჩევს, არავის არაფერს ეკითხება. მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ მათ წინასწარ ჰყავდეთ თავიანთი 50 ადამიანი შერეული. შესაძლებელია, ასეთი 10 ან 20 კანდიდატი უკვე ჰყავთ, თუმცა, 50-ვე ვერ ეყოლებათ. ვინც 144-დან 50 კაციან სიაში მოხვდება, მათთან გასაუბრება საჯარო იქნება და საბჭო მარტივად ვერ ეტყვის უარს. მოუწევთ მკაცრად დაასაბუთონ, რატომ ეუბნებიან არამოსამართლე პირს უარს და რატომ უნთებენ მწვანე შუქს სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ან პროკურორს“ – აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

სრული ვიდეოჩანაწერის ბმული:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები