მთაწმინდაზე, მაჟორიტარის ბედს, ოპოზიის მხარდამჭერების ხმები გადაწყვეტენ

მთაწმინდის შუალედური არჩევნების მორე ტური სავარაუდოდ 9 ივნისს გაიმართება. ამჯერად, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნებს კი ის მოიგებს, საითაც „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერები გადაიხრებიან. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შალვა შავგულიძესა და ლადო კახაძეს შორის მოუწევს.

პოტენციურად, ოპოზიციის მხარდამჭერი რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერი არ იქნება, ამაში დარწმუნებულია მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატი ლადო კახაძე. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერებს დიდი მნიშვნელობა ექნება.

„პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, ვისკენ წავლენ ოპოზციის, დანარჩენი კანდიდატების მომხრეები. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური მიმხრეობა, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ რაღაც ვექტორის გაერთიანებაზე. ყველა კონსტრუქტორი, რომელიც შენებისკენაა მოწოდებული და არა ნგრევისკენ, ცდილობს ერთ კალაპოტში მოექცეს, მაგრამ, აქ მეორე თემაა – ჩვენ უფრო აქცენტი მათ გააქტიურებაზე გადაგვაქვს, რომლებიც არჩევნებზე საერთოდ არ გამოვიდნენ და ასეთი ამომრჩეველი მთაწმინდაზე 63%-ია“, – განუცხადა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მაჟორიტარული არჩევნების ყოფილი კანდიდატი სოფიო ხორგუანი კი აცხადებს, რომ არ აპირებს, მის ამომრჩევლებს რამე მითითება მისცეს.

„ჩემი მხრიდან, არჩევნებში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ჩართულობის მოწოდება არ იქნება“, – განუცხადა ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რას იზამს და საით წავა მისი მხარდამჭერები, ამ ეტაპისთვის არ აკონკრეტებს კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის წარმდგენი ალეკო ელისაშვილი. მისი განცხადებით, რამდენიმე დღე სჭირდება რომ ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს საკუთარ მხარდამჭერებს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში, პარლამენტის დეპუტატობისთვის 19 კანდიდატი იბრძოდა. პირველი ტურის შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: შალვა შავგულიძე – 36,83 %; გერმანე საბო – 4,76 %; ვლადიმერ კახაძე – 41 %; ლევან იოსელიანი – 6,55 %; კობა დავითაშვილი – 2,91 %; სოფიო ხორგუანი – 2,64 %; გრიგოლ გეგელია – 3,14 %.

თუ გაერთიანებული ოპოზიციისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერების ხმებს შევაჯამებთ, 56,83% გამოდის, რაც იმას ადასტურებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულის ბედს სწორედ „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდამჭერები გადაწყვეტენ.

როგორც ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ოპოზიციის მომხრეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საით წავლენ.

„ისინი, ვინმეს მხარდაჭერით თავის ნიშას არ დაკარგავენ. იქით გადაიხრებიან, რომლის დაპირებებიც მასთან უფრო ახლოა“- განუცხადა კახაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები