ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველა ოქლში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში ჩატარდა, ცესკოს მონაცემები უკვე დაითვალა. შედეგების მიხედვით, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა 72,4%-ით მოიპოვა. მეორე ადგილს კი 26,71%-ით „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე იკავებს.

ახმეტის საარჩევნო ოლქში 2 უბნიდან 2-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96,49 % მიიღო.

ადიგენში „ქართული ოცნების“ კანდიდატ გენადი ბოლქვაძეს 93,89 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 2 უბანი იყო გახსნილი და ორივეს შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნუგზარ ფერაძეს ამომრჩეველთა 69,71 %-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გაგა ლაბაძეს კი – 29,84 %-მა.

ჭიათურის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი – თეიმურაზ ჭუმბურიძე – 46,82 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ილიკო ჩიკვილაძე – 27 %. აღნიშნულ ოლქში 7 უბანი იყო გახსნილი და დათვლილია ყველა მათგანის შედეგები.

ტყიბულში, 4 უბნიდან 4-ვეს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ რომან წკეპლაძეს 63,23 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, 4-დან 4 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ სინაურიძე – 78,41 %, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზაურ ქაშიბაძე – 19,72 %. ოზურგეთში 5 უბნიდან 5-ვეს მონაცემების დათვლის შედეგად კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით მდინარაძეს ამომრჩეველთა 71,75 %-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე კი 15,85 %-იანი მხარდაჭერით “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იაკობ ზაქარეიშვილია.

მსგავსი თემები