მტკვრისა და არაგვის შეერთების ალეგორია – ახალი დასასვენებელი ადგილი მცხეთაში

ქალაქ მცხეთას კიდევ ერთ ტურისტული და დასასვენებელი ადგილი შეემატა, საიდანაც ჯვარის მონასტერიც ხელისგულზე ჩანს, სვეტიცხოვლის გუმბათიც და კაშხალიც, რომელიც, თავისი ისტორიით, მუზეუმის დატვირთვის მატარებელია. ეს ყველაფერი კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მაჟორიტარი დეპუტატისა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგია. ხვალ კი, მცხეთაში, 6 მილიონის ღირებულების კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნება.

52 წლიანი ისტორიის მქონე მცხეთის სალობიეს (საჭაშნიკე) ისტორია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულმა ტურისტებმა კარგად იციან. მისი მდებარეობაც ყველასთვის ნაცნობია. სწორედ ამ სიმწვანეში ჩაფლული კვებისა და დასასვენებელი ობიექტის გასწვრივ, მტკვრის სანაპიროზე ახალი, ორი სეგმენტისაგან შექმნილი სიმბოლო აღმართეს ქართულ-ინგლისური წარწერით – მცხეთა.

როგორც მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გვითხრა, ხვალ, მცხეთაში კიდევ ერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნება: „მცხეთის შესასვლელში, იქ სადაც მცხეთის აღმნიშვნელი მონუმენტი გაიხსნა, გალამაზებისა და სვერის მოწყობის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი სტუმარი ჩერდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მცხეთა ვითარდება, ნაბიჯ-ნაბიჯ, ახალ-ახალი ობიექტები იხსნება და ეს კეთდება არა მხოლოდ მცხეთელებისთვის, არამედ ყველასთვის. მაგალითად, ხვალ, მცხეთას კიდევ ერთი უზარმაზარი ობიექტი შეემატება, რომელიც ერთ-ერთი ჩემი დაპირება იყო. ეს არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომლის რეალიზებითაც ნამდვილად შემიძლია ვიამაყო. ეს არის 6 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტი, 2 საცურაო აუზით, დახურული დარბაზებით, სატრენაჟორო სივრცითა და სხადასხვა საგანმანათლებლო სივრცეებით.“

თუ რას ნიშნავს მცხეთის მონუმენტის ორი სიმბოლო, გარდა იმისა, რომ აქ ისტორიული ქალაქი მცხეთა იწყება, არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ ასე აუხსნა: „ხედავთ ორ სიმბოლოს, რადგან ორი სეგმენტია, რომელიც ქმნის ერთობლიობას, ეს არის მტკვრისა და არაგვის ალეგორია, რომელიც სწორედ მცხეთაში ერთდება. გადაკვეთის წერტილი მცხეთაა. ესაა და ეს. ეს სიმბოლური დატვირთვა, ალეგორიის სახით გადმოვიდა მცხეთის მონუმენტზეც“.

რაც შეეხება მონუმენტის მდებარეობას, ყველა, ვინც ამ პროექტის განხორციელებას მხარდაჭერას უცხადებდა, ჩართული იყო თუ გულშემატკივრობდა, აცხადებს რომ გაამართლა. თუ რატომ და რამ გაამართლა, ამაზე „მედიაცენტრ მთავარს“ თავად ესუაბრებიან.

რაც შეეხება ადგილს, როგორ აღმოაჩინეს ის, მცხეთის სალობიეს დირექტორმა ჯუმბერ ტოგონიძემ განმარტა, რომ ამაში მცხეთის მერიის დიდი წვლილია: „მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, მერის დავალებით მონუმენტისთვის არჩევდნენ შესაბამის ადგილს. არჩევანი ამ კონკრეტულ ადგილზე შეჩერდა და ის ყველას მოგვეწონა. იდეალური ადგილია, ჯვარიც ჩანს, კაშხალიც და სვეტიცხოვლის გუმბათიც“.

პროექტში შპს “საჭაშნიკე” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩაერთო და შედეგიც სახეზეა. ქ. მცხეთის შესასვლელებში, ქალაქის მაჩვენებელი მცირე არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობა დასრულდა. დღეც და ღამეც, განათებულ მონუმენტთან მუდმივად ხალმხრავლობაა.

ტერიტორია „საჭაშნიკეს“ დამფუძნებელმა უპრობლემოდ დათმო კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილისთვის და უფრო მეტიც მის გალამაზებასა და მოვლაზეც თავად ზრუნავს. როგორც დიმიტრი ალავიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, სკვერს და მცხეთის მონუმენტს 600 კვადრატი დაუთმეს, თუმცა, ქალაქის განვითარება გრძელდება: „ნამდვილად სასიამოვნოა, ამ მონუმენტთან მცხეთაში შემომსვლელი ნებისმიერი სტუმარი ჩერდება. ისვენებენ, სურათებს იღებენ, მცხეთის ისტორიას ეცნობიან. სკვერი, რომელიც ჩვენ ქალაქს ვაჩუქეთ, 600 კვადრატია. მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩანაფიქრი იყო, რომ ეს ერთ-ერთი ტურისტული ადგილი გამხდარიყო და გაამართლა, ძალიან სასიამოვნოა. ჩვენი სტუმრებიც, რომლებიც აქ, სალობიეში შემოდიან, იქაც გადადიან სურათებს იღებენ და ისვენებენ. რადგანაც მტკვრის პირია, კედელიც ამოვიყვანეთ, რომ უსაფრთხო ყოფილიყო, გავამწვანეთ, სკამები, ღობე, განათება გაკეთდა და მიხარია, რომ ეს პროექტიც შედგა.“

სკვერს, კიდევ ერთი სიმბოლო – ურემში შებმული ხარები და ქვევრები ამშევენებს. ესეც „მცხეთის სალობიეს“ საჩუქარია. როგორც დიმიტრი ალავიძემ გვითხრა, ხარები სიძლიერის სიმბოლოა, ქვევრები კი ქართულ ტრადიციების და ეს დატვირთვა სკვერს და მცხეთას განსაკუთრებით მოუხდა.

სკვერს, 3000 კვ. მეტრზე, მტკვრის გასწვრივ, მწვანე ტერიტორია მიყვება, სადაც, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი, უნივერსალური დარბაზი მიემატება. როგორც დიმიტრი ალავიძემ მოგვიყვა, გეგმაშია, დანარჩენ ტერიტორიაზე, უნივერსალური, სადღესასწაულო დარბაზი გაკეთდეს, რომელიც ისტორიული მცხეთის ნაწილი და ქალაქთან შესაბამისობაში იქნება.

რაც შეეხება კაშხალს, ის 1926-1927 წლებში, ლენინის გეგმით ააშენეს და ყოფილ საბჭოთა კავშირში მეორე ჰესი იყო.

და, კიდევ ერთი, 2 დღის წინ, მცხეთის მონუმენტთან, მგზავრებით დატვირთული მთელი ავტობუსი დაიცალა. დაახლოებით 50-მა ახალგაზრდამ მოლბერტები გაშალა და რამდენიმე საათის განმავლობაში, ამ, ახალი ტურისტული ადგილიდან ჯვარი, სვეტიცხოველი და მცხეთის პანორამა არაერთმა მხატვარმა ტილოზე გადაიტანა.



მსგავსი თემები