მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთი ფერმერის ძროხების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო. მოსახლეობას შიში აქვს, რომ დახოცილი შინაური ცხოველების ხორცი შესაძლოა, გასაყიდად ბაზარში და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში აღმოჩნდეს.
როგორც სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუმარტეს, დახოცილი ძროხების ხორცი გასაყიდად არ მოხვდება და მასზე კონტროლს სურსათის ეროვნული სამსახური ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, როგორ ეყარა საძოვარზე დახოცილი ძროხები. როგორც ფერმერი აცხადებდა, მას მთლიანი ფერმა, 150 ძროხა მოუკვდა. მიზეზად კი ერთ-ერთ ხსნარს ასახელებდა, რითაც ძროხები დაბანა. ფერმერის განცხადებით, საქონელი ბანკიდან გამოტანილი თანხით იყიდა და მისი ზარალი საკმაოდ დიდია.
მომხდარის შემდეგ, საქმეში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთო. კერძოდ, ცხოველის დავარდნის მიზეზებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს. როგორც სააგანეტოდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, შედეგებს დასკვნის მიღებისთანავე გაასაჯაროვებენ. ასევე მნიშვნელოვანია დახოცილი შინაური ცხოველების რაოდენობა, ფერმერის ინფორმაციით, მას 150 სული ძროხა დაეხოცა.
სააგენტოში კი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, რომ დასახელებული ციფრი რეალობას არ შეესაბამება და მათი რაოდენობა 56-ია.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა 56-ია. ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“ – აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება ხორცის ბაზარზე მოხვედრის შიშს, როგორც სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, დახოცილი პირუტყვის განადგურება ვეტერინარული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვის განადგურება ვეტერინარული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. კონკრეტულად, საუბარია დამარხვაზე, არსებული წესების დაცვით. რაც შეეხება ხორცის ბაზარზე მოხვედრის შიშს, გამორიცხულია, რადგან, მისი დამარხვის პროცესი მიმდინარეობს“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარში“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.