პანკისში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამართალდამცველებმა პრემიერისგან მადლობა დაიმსახურეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ- მინისტრის განცხადებით,სამართალდამცავების მიერ გამოჩენილი თავშეკავება მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.მამუკა ბახტაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც საზოგადოებამ იხილა, სრულიად მიუღებელია.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ვიხილეთ – აგრესია სამართალდამცველებზე, სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ან ეკოლოგიური  ზიანის ხარჯზე არასოდეს მოხდება. 

“არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში, ხელისუფლებას არ განუხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. სწორედ ეს არის ხელისუფლების ხელწერა და ეს დიალოგი გრძელდება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი – ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც  გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია.

ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია,  გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში.  ეს არის ძალიან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება  ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ  ჭეშმარიტებას – როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ყველა მხარეს ემოციური კომენტარების კეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და საზოგადოებას მიმართა, არ დაეყრდნოს  სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციას.  

პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებისას დაშავებული სამართალდამცავები მთავრობის მეთაურმა კლინიკაში მოინახულა. 

მსგავსი თემები