მშენებლობიდან გადმოვარდნილი 3 ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურია

„პანორამა თბილისის“ სმშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამუშაოების შესრულებისას სიმაღლიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

როგორც კლინიკა “ამტელ ჰოსპიტალის” ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ბესიკ წივწივაძე აცხადებს, 21 წლის გიორგი ლიპარტელიანისა და 19 წლის ნოდარ ჩახალიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„მათ მიღებული აქვთ ქალა ტვინის ტრავმა და სხეულის ზოგადი ტრავმა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ არის. ამჯერად, კლინიკაში მათზე დაკვირვება დინამიკაში მიმდინარეობს. შინაგანი ორგანოების ტრავმული დაზიანება არ აღენიშნებათ. თუ 2 დღის განმავლობაში ვითარება არ შეიცვალა, ისინი გაეწერებიან“ – აცხადებს წივწივაძე.

რაც შეეხება მესამე დაზიანებულს, დავით ოჩხიკაძეს, ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მკურნალობს. მკურნალი ექიმის შეფასებით, მისი მდგომარეობაც სტაბილურია და ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია.

ოჩხიკაძე კლინიკაში შემდეგი დაზიანებებით შეიყვანეს: ქალა ტვინის ტრავმა, ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა და მუცლის დახურული ტრავმა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები