,,საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით” – იოზვიაკი

”რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიამ საქართველოზე ანგარიშის მომზადება დაიწყო. დოკუმენტი ოქტომბერში  იქნება მზად.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, თუმცა 12 გარკვეული დათქმებით. ასევე, მოსალოდნელია, რომ 12 რეკომენდაციას კიდევ დაემატება მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

თუმცა, იოზვიაკის ცნობითვე, 27 ევროპული ქვეყნის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და  მთავარ პრობლემად რჩება დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა.

”დაწყებულია მუშაობა ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც მზად ოქტომბერში იქნება, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული დეკემბერში.

რა ინფორმაციაც მაქვს, პოზიტიური სიგნალი იქნება საქართველოს მიმართ და ქვეყანას მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით. კანდიდატის სტატუსს ექნება გარკვეული პირობები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას სტატუსი მიენიჭება, მაგრამ მან ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ანუ ის რეკომენდაციები, რომელიც უკვე  მას მიცემული აქვს და შეიძლება იყოს ახალი დათქმებიც.

12 რეკომენდაციის შესრულებას ევროკომისია მოითხოვს, რადგან საქართველოში პოლარიზაცია მაღალია  და პოლიტიკური გარემო არ არის კარგი. დეოლიგარქიზაციისა და სასამართლოს რეფორმის ნაწილში მეტია გასაკეთებელი. მთავრობის მხრიდან რეკომენდაციების სრულად  შესრულების მოლოდინი ძალიან მცირეა, მაგრამ პოზიტიური სიგნალი ნიკა გვარამიას გათავისუფლება ნამდვილად იყო. მე არ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანა სრულად შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ეს პროცესია. ამ ვალდებულებების შესრულება ადრე თუ გვიან, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდე, მაინც მოგიწევთ”, – აცხადებს იოზვიაკი.

მსგავსი თემები