სახალხო დამცველი გუშინდელ დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა…გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ბანერების გამო დააკავეს.

 

მსგავსი თემები