თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადების გარშემო არსებული კრიტიკა მისთვის გაუგებარია.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს გატარებული.
„ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. შეიძლება, ეს ბევრს არ სიამოვნებს, გულზე ხვდება. ზოგადად, სიმართლე მწარეა, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს. პირიქით, მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ჩვენ ეს თავის დროზე რომ დაგვეწყო, დღეს განსხსხვავებულ რეალობაში იქნებოდა ცხოვრება და შეიძლება, ის უბედურება არ ყოფილიყო, რაც უკრაინაში ხდება. „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ატარებს ქართულ პოლიტიკას. ამ ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, რაც გვამოძრავებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დაბრუნება იმ ტერიტორიების და ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებთან თანაცხოვრება“, – განაცხადა კალაძემ.