„სასწრაფოდ გვთხოვენ ამის დემონტაჟს, თორემ კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს“ – მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

საქართველოს პარლამენტში მინისტრს საათის ფორმატში, ზურაბ აზარაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოზეც მოუწია საუბარი. როგორც მინისტრმა განმარტა, კლინიკა სავალალო მდგომარეობაშია  და ამის დამადასტურებლად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც მოიყვანა.

„სამხარაულის დასკვნის პირველივე გვერდზე დეტალურად არის აღწერილი, რა არის გასაკეთებელი, რა არის გასამაგრებელი. 60-63 ათასი კვადრატული მეტრია ის შენობა. წერია, რომ გასამაგრებელია რიგელები, კოლონები მეტალებით თუ სხვა საშუალებებით; ასევე დასამატებელია სახანძრო უსაფრთხოებისთვის ოთხი კიბე ცხრა სართულზე, შიდა კიბეა გასაჭრელი; ასევე შიდა წყლების და იქ, სამწუხაროდ, სხვადასხვა წყლის პრობლემებია, აღარ მინდა ახლა დაკონკრეტება, ქვეშ, ორ სართულზე;

ასევე, დასკვნაშივეა თუ სწორად მახსოვს, ან მეორე დასკვნა არის – ფასადი არის ძალიან მძიმე და სავალალო მდგომარეობაში და ითხოვს იმ დასკვნის მიხედვით (წინა წლის ბოლოს იყო ეს დასკვნა), რომ ფასადი, რომელიც მიდგმულია ძველ შენობაზე ნახევარმეტრიანი დაშორებით, სამწუხაროდ, შიგნით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ფასადი ფარავს. ასეთი მასიური კონსტრუქცია შენობაზე თოკებით და ტროსებით არის მიბმული. სასწრაფოდ გვთხოვენ ამის დემონტაჟს თორემ კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს, ამ დასკვნაშია აღნიშნული” – აღნიშნა მინისტრმა პარლამენტში.

როგორ აზარაშვილმა განმარტა, გამოსავალი ორია.

„გადაწყვეტილება მიიღება, როგორც არსებული მდგომარეობიდან, ასევე ხარჯთეფექტურობიდან გამომდინარე. მოხდება ორი პროექტის შედარება – როგორც არსებული შენობის რეაბილიტაციის, გამაგრებითი სამუშაოებით და გადაკეთებით, რა არის საჭირო თანამედროვე კლინიკისთვის, ასევე – ახალი კლინიკის აშენების. შესაბამისად, რომელიც იქნება უფრო მიზანშეწონილი და გონივრული, ამის მიხედვით გავაკეთებთ”, – განმარტა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები