,,მთავრობას უნდა, 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაგვიტაროს”- გიორგი გახარია

,,ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელი რომ საქართველომ თავისი იდენტობა შეინარჩუნოს და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელ მთავრობას უნდა, რომ 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაატაროს.

,,ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება. ეს ჩვენ თუ არ დავინახეთ და არ გავითვალისწინეთ, მთელი ეს ეპოქა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, ფუჭად დახარჯული დრო იქნება. ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების წინაშე, რომლებიც კითხვებს დაგვისვამენ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ კორუფციულ ფულზე გაცვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თუ არ ვიმოქმედეთ, ყველას წარგვიდგენენ.

ჩვენ თუ გვინდა ჩვენი იდენტობა, რელიგია, კულტურა, მომავალი, ჩვენი შვილები გადავარჩინოთ, ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი ხანდაზმულები იყვნენ დაცულები, ჩვენი ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები, ნორმალური ხელფასები, ნორმალური პენსიები, ნორმალური გარემო, სამართლიანობა ჰქონდეთ და არა ის ცირკი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს როგორც რაღაც მიღწევებს, ევროპა ერთადერთი გამოსავალია. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, თუ გვინდა, რომ თითოეულ ქართველს, არჩევანის უფლება არ წაგვართვან, ამას მხოლოდ ევროპულ სივრცეში შევძლებთ. აბა სადმე გაგიგიათ, სამართლიანი არჩევნები რუსეთში? საქართველოს დღევანდელ მთავრობას უნდა, რომ 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაგვიტარონ. საკითხი ისე კი არ დგას, გვაქვს თუ არა კიდევ შანსი? შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს. ჩვენ დავიცავთ ევროპულ მომავალს. არჩევანზეც აღარაა, ჩვენ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები