„უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას“ – მინისტრი სააკაშვილზე

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოჯახს და გარემოცვას აკისრებს. როგორც მინისტრი აცხადებს, მას უქმნიან ცრუ მოლოდინს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდება, მოიპოვებს თავისუფლებას.

მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ მას მიეწოდოს ყველა ის მომსახურება პენიტენციური დაწესებულებების ფარგლებში, რასაც ის საჭიროებს. ის საჭიროებს მკურნალობას, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ის რომ არ იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან არ შედიოდეს ექიმი, მას რაიმე სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდეს და ის ვერ იღებდეს, ამაზე ვიქნებით პასუხისმგებელი, მაგრამ მას რაც სჭირდება, აქვს ყველაფერი. მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას“ – აცხადებს მინისტრი ბრეგაძე.

მინისტრმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის სარჩელს არც ერთ სასამართლო არ ცნობს.

„ადამიანები, რომლებიც მას პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა, ეშიმშილა, კარგად იციან თვითონაც, ვინც მას უქმნის ცრუ მოლოდინებს, თუკი დაიკლებს წონაში, გაიუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იქნება ათასი სხვაგვარი სიმულაცია, ის მოიპოვებს თავისუფლებას. ნახეთ, რომ საქართველოში არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო მისი სარჩელი და ასევე, სტრასბურგშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები